„თუ ცხოვრება ლიმონს გარგუნებს გააკეთე მისგან ლიმონათი“ – 1 თვიანი მოგზაურობა თვითგანვითარების გზაზე - Headvice • ჰედვაისი

მოთუხთუხე ჩაიდნის წივილი, ბავშვების ჟრიამული, მეორე ოთახში ჩართული საინფორმაციო გამოშვება თუ სხვა გარე გამღიზიანებელი საგრძნობლად ამცირებს შენს პროდუქტიულობას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ინტროვერტული სამოთხე შენი არ არის, შეგიძლია სამოთხედ თუ არა, ნამდვილ რესურსად აქციო და 1 თვიანი თვითგანვითარების პროგრამა შეიმუშავო.

თუ ცხოვრება ლიმონს გარგუნებს, ადექი და მისგან ლიმონათი გააკეთეო, ხოდა ლიმონათის ერთ-ერთი რეცეპტიც აქ არის:

მოაწყვე სამუშაო სივრცე – საკუთარი სივრცის მოწყობა, ნივთების სურვილის მიხედვით გადაადგილება მოგცემს  კონტროლის განცდას, რაც გონების დასამშვიდებლად აუცილებლად გამოგადგება.

დააწესე სამუშაო საათები – თუ მახეში გაები და სამუშაო საათების ათვლა გაგექცა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ პროდუქტიულობის გაზრდის ნაცვლად მხოლოდ სამუშაო საათებს და დაუსრულებელი საქმეების რაოდენობას გაზრდი. ეს რომ არ მოხდეს დააწესე სამუშაო დრო თავისი შესვენებით. ამ შემთხვევაში ბევრი დამატებითი საათი გამოგითავისუფლდება.

შეინარჩუნე რუტინა – მერე რა, რომ მეორე დღეს სამსახურში არ მიდიხარ და შეგიძლია გვიან ან სართოდაც არ ადგე და საწოლიდან შეუდგე მუშაობას. ყოველდღიური რეჟიმი და განსაზღვრული რუტინა მნიშვნელოვანია სამუშაო ეფექტურების შესანარჩუნებლად.

გამოიმუშავე ახალი ჩვევები – „შექმენი ჩვევები და შემდეგ ჩვევები შეგქმნიან შენ“. 1 თვე ცოტა დრო არ არის საკუთარ თავზე სამუშაოდ, ამიტომ გირჩევ ეს დღეიდან დაიწყო და 1 თვეში შედეგებით დატკბე.

ივარჯიშე – თუ დიდი ხანია გეგმავ ვარჯიშს და არასდროს გელეოდა გასამართლებელი მიზეზები თუ რატომ ვერ ახერხებდი ვარჯიშის დაწყებას, ახლა შეგიძლია საკუთარი თავი გამოიწვიო და გააცნობიერო, რომ ამაზე ნაკლები გასამართლებელი მიზეზი იმისთვის თუ რატომ არ უნდა ივარჯიშო სავარაუდოდ აღარასდროს გექნება. ვარჯიშის დასაწყებად შენ დაგჭირდება პარალონი და კეთილი ნება.

განიტვირთე – როგორი მნიშვნელობაც აქვს სამუშაო საათების დაგეგმვას, ისეთივე მნიშვნელოვანია დასვენების დროის დაგეგმვა და განტვირთვისთვის რაიმე რიტუალის მოფიქრება.  

იკვებე ჯანსაღად –  ბევრისთვის კარანტინში ყოფნა ბევრი სერიალის ყურებასთან და ტკბილეულის მიღებასთან ასოცირდება, თუმცა თუ შენი დღის რეჟიმში ტელევიზორთან ჯდომა უკვე ვარჯიშმა ჩაანაცვლა, დროა ჯანსაღი კვებითაც მიეხმარო იმუნიტეტს. მიიღე მეტი ხილი და ბოსტნეული და ნაკლები ცომი და შაქარი.

დაეუფლე ახალ ცოდნას – გააღვიძე ცნობისმოყვარეობა და მოიძიე შენთვის საინტერესო ონლაინ კურსები, წიგნები, სტატიები, დოკუმენტური ფილმები. ამაში ჩვენც დაგეხმარებით.