Headvice

“როდესაც თანამშრომელში ფინანსურ ინვესტირებას დებ, ის შენთან მუშაობს, მაგრამ როდესაც მას ემოციურად აინვესტირებ, მას წვლილი შეაქვს შენი ბიზნესის განვითარებაში. “ – საიმონ საინეკი.

ბოლო დროს ადამიანური რესურსების მართვის ლიდერები თავიანთ საქმიანობაში ადამიანზე ცენტრირებული მიდგომის დანერგვას იწყებენ. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლები ყველაზე მეტად  ემპათიას აფასებენ თავიანთ დამსაქმებელში. თანამშრომელთა გადინების შემცირებისა და მათი დაქირავების გაადვილებისთვის აუცილებელია კომპანიის ფასეულობები ემთხვეოდეს კონკრეტული თანამშრომლის ფასეულობებს, რისთვისაც დღეს “ეიჩ არ” აქტიურად უნდა იკვლევდეს თანამშრომელთა კულტურას.

თუ გინდა თანამშრომელი ემპათიურად გთვლიდეს, ნაცვლად ფორმალური შეხვედრებისა  ეცადე გამონახო დრო და მათთან იურთიერთო, არა მხოლოდ სამუშაო ადგილას არამედ გარეთაც.

ესაუბრე არაორდინალურ თანამშრომლებს, მათ ვინც ყოველთვის ნორმის ფარგლებში არ მოქმედებენ. ხშირად სწორედ არაორდინალური, რადიკალური თანამშრომელია შენი გუნდის სახე ასე რომ, როგორც პიტერ შუცი იტყოდა „დაიქირავე ხასიათი, გაწვრთენი უნარი“.

„ადამიანებს და მათ ქმედებებს მოაქვს შენი კომპანიისთვის შედეგი, არა სისტემას, არც კომპიუტერს და არც მანქანებს, მხოლოდ ადამიანებს“. – მარკ ჰორტსმანი

უნდა გაინტერესებდეს და იკვლევდე შენი თანამშრომლის საქმიანობას. სთხოვე მას, რომ გაჩვენოს თუ როგორ მუშაობს. ჰკითხე რა ინსტუმენტებს იყენებს იმისთვის, რომ მისი სამუშაო უფრო ეფექტური გახდეს. როდესაც თანამშრომელი საკუთარი საქმიანობის გაზიარებას დაიწყებს, კითხე მას თუ რატომ აკეთებს საქმეს ის როგორც აკეთებს, ეს კითხვა დაგეხმარება გაარკვიო რამდენად გააზრებული და გაცნობიერებულია სამუშაო სტრატეგია ან რამდენად დიდი ენერგია შეიძლება იხარჯებოდეს მექანიკურ ქმედებაში.

თანამშრომლის ნდობის მოპოვებას თუ გადაწყვეტ, სთხოვე მოგიყვეს უფრო მეტი მის ინტერესებზე და იმაზე თუ რა გავლენას ახდენს სამსახური მის ცხოვრებაზე.

რობ სილზერმა თქვა „ფინანსური რესურსი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობაა, მაგრამ ადამიანური რესურსი მისი ტვინია-ო“ სწორედ ამიტომაა აუცილებელი იცოდე როგორ მოქმედებს ტვინი, რომელიც შენ კომპანიას მართავს.

ყოველთვის დაუსვი თანამშრომელს კითხვა „რატომ“. როდესაც კითხვას უსვამ ადამიანს პირველად მისგან შეიძლება ბუნდოვანი პასუხი მიიღო, მაგრამ შენ უფრო სიღრმისეული კვლევა გჭირდება. აი მაგალითად თანამშრომელს თუ ჰკითხავ დღეს სამსახურში რატომ მოხვედი ავტობუსითო, შეიძლება გიპასუხოს ყოველთვის ავტობუსით მოვდივარო. გააგრძელე, ისევ დაუსვი კითხვა „რატომ“ რაზეც პასუხად შეიძლება მიიღო, რომ მას მატარებელი არ მოსწონს, ისევ ჰკითხე „რატომ არ მოსწონს მატარებელი“ და საბოლოოდ შეიძლება გაიგო იმ ცუდი გამოცდილების შესახებ, რაც ამ პიროვნებას მატარებელთან აკავშირებს.

ჩაძიების ეს ტექნიკა თანამშრომელთან რეზონანსში სწრაფად მოგიყვანს, შემდეგ კი გაჩნდება ემპათიის ორმხრივი განცდა, რაც იმას ნიშნავს რომ შენ მისი ქცევისა და მოტივაციის გაგებას მარტივად შეძლებ, ის კი შენგან მიღებული უკუკავშირის უკეთ გადამუშავებას და მიღებას.