Headvice

ყველას სადღაც ეჩქარება, ბევრჯერ და მკაფიოდ ჩაგესმის სიტყვები: „ხვალ დედლაინი მაქვს“.

ალბათ შენც არაერთხელ გიგრძვნია არასაკმარისი დროისგან გამოწვეული ემოციების სიმძიმე, აჩქარებული ფეხის ხმა, სანახევროდ დალეული ყავა და კომპიუტერის ეკრანზე გამოსახული უამრავი ახლად შექმნილი ფოლდერი გაუგებარი აბრივიატურებით ან მარტო შენ რომ გესმის ისეთი კოდებით.

თუ ეს ყველაფერი ძალიან გეცნობა, მაშინ შენ ხარ 21-ე საუკუნის  „ინდუსტრიულ ფერხულში“ ჩაბმული ადამიანი, რომელიც კონკურენტულ გარემოში ადგილის დამკვიდრებას, ან უკვე დამკვიდრებული ადგილის შენარჩუნებას ცდილობს.

შენი დღევანდელი ამოცანა შესაძლოა გუნდური შეჭიდულობისა და ეფექტური მუშაობის წახალისება იყოს, ამიტომაც სიტყვა „თიმბილდინგის“ გაგონებაზე შენი ყურადღება კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე დილის რჩევას შეუსვენებლად გადაიკითხავ.

მაშ ასე:

 „თიმბილდინგი“ შეკრული გუნდის ჩამოყალიბების პროცესია, რომელიც მოითხოვს გუნდის წევრების მნიშვნელოვანი და უნიკალური როლების აღმოჩენას, წევრებს შორის ღრმა კომუნიკაციასა და ემპათიის წახალისებას.

რამდენიმე ხერხი პროცესის გასაძლიერებლად:

  1. დანერგე თამაშის კულტურა: თამაში არ არის მხოლოდ სტრესული გარემოსგან თავის დაღწევის საშუალება, არამედ ხელს უწყობს ისეთი უნარების ჩამოყალიბებას, როგორიცაა  კომუნიკაციის, ემპათიისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. მაგალითად ავიღოთ თამაში „ერთი ტყუილი 2 სიმართლე“ სადაც თითოეული წევრი უნდა წარდგეს გუნდის წინაშე და საკუთარ თავზე თქვას 3 ფაქტი, საიდანაც ერთი ტყუილი იქნება, ხოლო ორი სიმართლე. გუნდის დანარჩენმა წევრებმა, კითხვების დასმითა და კომუნიკაციით უნდა გამოიცნონ, რომელი ფაქტია ტყუილი. გამარჯვებულია ის, ვინც გამოააშკარავებს სიმართლეს, ან ის ვინც დამაჯერებლად მოიტყუება. აღნიშნული პროცესი მონაწილეებისგან მოითხოვს ერთმანეთზე დაკვირვებასა და ერთმანეთის შესახებ უკვე არსებული ცოდნის გამოყენებას, რაც თავის მხრივ ეხმარება გუნდს კიდევ უკეთ გაცინონ ერთმანეთი და ყურადღება გაამახვილონ ერთმანეთის საკვანძო პიროვნულ მახასიათებლებზე.
  2. იპოვე გზა სოციალური ურთიერთობების გასავითარებლად: საკუთარი კომპანიის კულტურის კვლევა მოგცემს საშუალებას მიხვდე როგორი სოციალური საღამო გჭირდება შენი გუნდის გასაერთიანებლად. მიეცი გუნდს თავისუფალი დრო და საშუალება დაგეგმონ 1 საღამო ისე როგორც მათ სურთ. ამ ქმედებით მარტივად გამოავლენ მათ სურვილებს და პრეფერენციებს, რომელსაც სამომავლოდ საქმეშიც კარგად გამოიყენებ.
  3. დანერგე მენტორინგის მეთოდი: სასურველია თანამშრომელს რჩევის მიღება და სწავლა უშუალო ხელმძღვანელისგან შეეძლოს. ერთის მხრივ ეს თანამშრომელს დაეხმარება მიზნების სწორად აღქმასა და სტრატეგიის შემუშავებაში, ხოლო მეორე მხრივ კომუნიკაცია გაცილებით ღია და ღრმა გახდება.
  4. გაანაწილე როლები სწორად: გუნდი სადაც როლები სწორად არის გადანაწილებული, ნაკლებ დროში მეტ შედეგს აღწევს. როლების გადანაწილებისას დასვი რამდენიმე კითხვა:
  • რამდენი განსხვავებული როლია საჭირო მოცემულ გუნდში?
  • რომელი როლები განსხვავდებიან ყველაზე მეტად ერთმანეთისგან?
  • რომელი როლები წააგავს ერთმანეთს?
  • რა როლები შეიძლება მოვიდეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში

თუ გონებაში პატარა მონახაზი უკვე გააკეთე, ახლა მოქმედების დროა.