Headvice

სოციალური ქსელის თვალიერებისას, შეამჩნევ პოსტებს სადაც ექსპერტები, ფსიქოლოგები და ქოუჩები პროდუქტიულობისკენ მოგიწოდებენ.

იმასაც შეამჩნევ თუ როგორ გამძიმებს ეს და ზოგჯერ ყველას ეს მოწოდება პირიქითაც კი, ძლიერად გექაჩება არაპროდუქტიულობის სიღრმეებისკენ.

აქვე გახსენდება რომ ხშირად იტვირთები „დიდ მიზანზე“ ფიქრით, რომელიც ყოველ მომდევნო დღეს უფრო მძიმე და დიდი ხდება, ზოგჯერ შეუსრულებელ მისიადაც კი შეიძლება მოგეჩვენოს.

ამ ფიქრებში ხარ, როცა თვითგამამხნევებელი ჯადოსნური წინადადებები ჩაგესმის ყურებში:

 „მოდი ბარემ დღესაც დავისვენებ და ხვალიდან შევუდგები“. თენდება მეორე დღე და აცნობიერებ რომ დღეს ის ხვალ აღარაა გუშინ რომ გეგონა, უფრო მეტიც, დღევანდელი დღე წინა დღისგან არაფრითაა უფრო მსუბუქი და მამოტივირებელი საქმის დასაწყებად ან დაწყებულის გასაგრძელებლად. დღესაც ზუსტად იმდენივე მიზეზი გაქვს უთხრა საკუთარ თავს „დღეს არა ხვალიდან“, რამდენიც გუშინ გქონდა.

ამ სიტყვების წაკითხვისას საკუთარი თავისგან უამრავ გამართლებას მოისმენ, იმის შესახებ თუ რატომ ელოდები დიდ მიზანზე მუშაობის დასაწყებად „მისტიურ ორშაბათს“.

სახუმარო ამბავი ნუ გეგონება, ეს საკმაოდ ხშირი და ინტენსიური მდგომარეობაა, მეცნიერულ ენაზე კი მას პროკრასტინაცია ანუ საქმის გადადება ეწოდება.

პროკრასტინაცია შენი რუტინის ნაწილია თუ:

ჯერ არ დაწყებულ საქმეს უკვე დაღლილობა ახლავს თან, თუ თავში ასეთი ფიქრები გიტრიალებს: „არ ვარ ჯერ მზად“, „დღევანდელი დღე გავიდა ფაქტიურად და მოდი ხვალიდან დავიწყებ“,“ეს კვირაც ჩამთავრდეს და მერე“, „ახლა ძალიან სტრესული პერიოდი მაქვს და ამის თავი არ მაქვს“, „ერთხელ უნდა კარგად ჩავუჯდე დრო რომ მექნება“, „ახლა ამისთვის არ მცალია“, „არ ვიცი საიდან დავიწყო“, „ახლა ამისთვის საუკეთესო პერიოდი არ არის“ და სხვა.

ამ ფიქრებს გადადების გადაწყვეტილება დააგვირგვინებს, გადაწყვეტილებას კი უეცარი, მოკლე შვება და დროებითი ბედნიერება მოყვება, რომელიც გადადებული საქმის ახალი დედლაინის მოახლოვებასთან ერთად ნელ-ნელა ისევ კლებას დაიწყებს. ხოლო როგორც კი შენი გონება ბედნიერების ნაკლებობას და მომატებულ შფოთვას იგრძნობს, ბალანსის აღსადგენად კვლავ გადადების ბედნიერ რუტინას მიმართავს.

როგორ დაარღვიო გადადების ჩვევა?

ნებისმიერი ჩვევის მოსაშორებლად საჭიროა გაიგო თუ რა ფუნქციას ასრულებს ის შენთვის.

რადგან ჩვენი ტვინის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უსიამოვნების თავიდან არიდება წარმოადგენს, ყველაზე მოთხოვნადი ჩვევა არის ის რომელიც ტვინისთვის ამ დავალებას კარგად შეასრულებს, ანუ ჩვევა რომელიც უსიამოვნებას აგარიდებს და სიამოვნებას თუნდაც ხანმოკლე დროით მოგანიჭებს.

ზუსტად ასეთია გადადების ჩვევაც, მას შეუძლია ერთი ხელის მოსმით შვება გამოიწვიოს და გაგაბედნიეროს კიდეც. საქმე რომელსაც გადადებხოლმე ერთი შეხედვით შეიძლება არც იყოს უსიამოვნო, თუმცა თუ საჭირო კითხვებს დასვამ და ჩაუღრმავდები აღმოაჩენ რომ ყველა გადადებულ თუ გადასადებ საქმეს ერთი რამ აერთიანებს -ამ საქმეში გამოწვევა უფრო მაღალია ვიდრე შესრულების უნარი, ამ დროს ფიქრობ რომ გასაკეთებელი საქმე შენს ძალებს აღემატება, გიჩნდება მღელვარება, რაც ტვინისთვის არაკომფორტული მდგომარეობაა შესაბამისად ცდილობს თავიდან მოიშოროს და ამას პროკრასტინაციის ჩვევის დახმარებით ძალიან მოკლე დროში აკეთებს.

საკუთარ ტვინთან მოგება საკმაოდ რთულია თუ მისი წესებით არ თამაშობ. და თუ საქმის გადადება წესად გექცა, გამოიყენე ის როგორც ტექნიკა – გადადე „საქმის გადადებაც“ და დაიწყე მოქმედება.

დაძლიე პროკრასტინაცია და დაიწყე მოქმედება

1.    გადმოწერე პროკრასტინაციის მართვის და პროდუქტიულობის აპლიკაციები

2.    დასვი საჭირო კითხვები

  • რა არის მთავარი გამოწვევა იმ საქმის რომლის გადადებაც გინდა?
  • რა არის ის რაც ამ საქმის კეთებისას ყველაზე მეტად გაშინებს?
  • როგორი შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი შედეგი?
  • რა რესურსი გაკლია იმ საქმის შესასრულებლად?
  • როდის მიხვდები რომ ამ საქმის დასაწყებად საუკეთესო დროა?(რა მიგანიშნებს)

3.    „გადადე გადადება“

4.    უბრალოდ დაიწყე – გამოიყენე მელ რობინსის 5 წამის წესი

5,4,3,2,1 – დათვალე და დაიწყე მოქმედება. დათვლა კოგნიტური პროცესია, ანუ ჩვენი რაციონალური ტვინის ჩართულობას მოითხოვს, მისი ჩართულობა კი ავტომატური ჩვევების შეფერხებაში გვეხმარება. თუ გადადება შენი ავტომატური ჩვევაა, დათვლა საშუალებას მოგცემს ცნობიერად „შეუკვეთო“ სასურველი მოქმედება.