Headvice

წამიერად შენი ყურადღება რაღაცამ მიიზიდა, შენ გადაწყვეტილება მიიღე და ახლა ამ სტატიას კითხულობ. თითქოს ეს მიკრო გადაწყვეტილებების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, დიდ შედეგებზე და ცვლილებებზე პრეტენზია რომ არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა ამ ყველაფერში საინტერესო ზუსტად ისაა, რომ არასდროს იცი წინასწარ რომელი გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაპირობა. დიდი თუ პატარა გადაწყვეტილება, ცუდად თუ კარგად, ყველა შენი მომავალი სცენარის განვითარებაზე მუშაობს, მათი ხელახალი გააზრება კი, შედეგების მართვასა და განმეორებით წარუმატებლობების თავიდან არიდებაში დაგეხმარება.

სანამ გადაწყვეტილების ტიპებზე და ხასიათზე მოგიყვები, ჩასაფიქრებლად რამდენიმე შეკითხვას დაგისვამ:

  1. როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება შენი ძირითადი გადაწყვეტილებების გარეშე?
  2. რა არის ის მთავარი გადაწყვეტილება რომელმაც აქამდე მოგიყვანა?
  3. რამდენი გადაწყვეტილება გაშორებს სასურველ მიზანს?
  4. რა არის ის ერთი რაღაც რაც მუდმივად მეორდება შენს ცხოვრებაში?

შენი ყურადღება მინდა ბოლო შეკითხვაზე გავამახვილო და გაგახსენო მოვლენები შენს ცხოვრებაში რომლებიც ერთმანეთს ძალიან წააგავდა, შეიძლება ისე ძლიერადაც კი, რომ ამ განმეორებებს შენ „წრეზე ტრიალს“ ეძახდი.

უცნაურია მაგრამ ხშირად ერთნაირად განვითარებული მოვლენები, განმეორებები და წრეზე ტრიალი ჩვენთვის უფრო თვალსაჩინო და გასაკვირია, ვიდრე ის ქცევები და გადაწყვეტილებები რომლებმაც აქამდე მიგვიყვანა.

მოჯადოვებულ წრეზე ტრიალი, სინამდვილეში გადაწყვეტილების და ქცევის მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვია, რომელსაც თავისი ხასიათი და მუშაობის ლოგიკა გააჩნია. სწორედ ეს ლოგიკა და გადაწყვეტილების მიღების შენი სტილი განკარგავს შედეგებს. და თუ ის მოქნილი და სიტუაციურად მორგებული არ არის,  კონტექსტის და ცხოვრებისეული სცენარების უპირობო წარმართველი ხდება.

 სანამ უფრო ჩავუღრმავდებით საკითხს, ჩასაფიქრებლად რამდენიმე შეკითხვას კიდევ დაგისვამ:

როგორ იღებ გადაწყვეტილებას, როგორია გადაწყვეტილების მიღების პროცესი შენთვის?

  1. აქვს თუ არა საერთო ხასიათი შენი გადაწყვეტილებებების უმრავლებოსას?
  2. რა არის ის რაც სულ მეორდება შედეგების სახით? – როგორი სცენარები ვითარდება განმეორებით ? როგორია შენი „მოჯადოვებული წრე“?
  3. რა არის შენთვის ეფექტური გადაწყვეტილება? როდის ჩათვლი რომ ეს პროცესი ეფექტურად წარმართე?
  4. რა გჭირდება იმისთვის რომ უფრო ეფექტურად მიიღო გადაწყვეტილება?
  5. რა არის შენი გადაწყვეტილებების ეფექტურობის განმსაზღვრელი, მთავარი ინდიკატორები?

გადაწყვეტილების მიღების ოთხი ტიპი არსებობს – რომელია შენი?

გადაწყვეტილების მიღების ტიპების ბევრნაირი კლასიფიკაცია არსებობს, თუმცა მე ოთხი ძირითადი ტიპის შესახებ მოგიყვები.

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რომ გადაწყვეტილების მიღების ტიპები ორი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორით განისაზღვრებიან.

#1 ფაქტორი – ფოკუსი სოციუმზე/ურთიერთობებზე ან ამოცანაზე/საქმეზე

#2 ფაქტორი – ამტანობა ბუნდოვანების მიმართ

ის სტილი რომელსაც ბუნდოვანების მაღალი ამტანობა აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად ვრცელ და დეტალურ ინფორმაციას არ საჭიროებს, ამიტომ გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად იღებს. ალბათ უკვე გაგახსენდა ადამიანი რომელიც სულ მცირე ინფორმაციის ამარა გადაეშვებახოლმე თავიდან ფეხებამდე, სრულიად ბუნდოვან და ჰიპოთეტურ საქმეში.

მაშინ როცა, ბუნდოვანების დაბალი ამტანობის სტილის მქონე ადამიანს გადაწყვეტილების მისაღებად გაცილებით დიდი დრო ჭირდება. აგროვებს ფაქტებს, მონაცემებს, აანალიზებს სხვადასხვა დეტალებს და როცა ყველაფერი ბოლომდე ნათელი ხდება, მხოლოდ  მაშინ იღებს გადაწყვეტილებას.

სოციალური ფოკუსის მქონდე ტიპები, ითვალისწინებენ სხვა ადამიანების განწყობებს, ქცევებს და სურვილებს საბოლოო შედეგებთან მიმართებაში, საქმეზე/ამოცანაზე ორიენტირებული ტიპები კი ირჩევენ მიზნის მიღწევის პრაგმატულ გზებს, სადაც სხვა ადამიანების განწყობები სულაც არ არის გათვალისწინებული.

უფრო ნათელი რომ გახდეს ამ მახასიათებლების კომბინაციებს გაგიზიარებ:

1. ბუნდოვანების მაღალი ამტანობა სოციალური ფოკუსით

გადაწყვეტილების მიღების დროს სწრაფი და იმპულსურია, თუმცა მისი არჩევანი სოციალური გავლენებით არის განპირობებული.

2. ბუნდოვანების დაბალი ამტანობა სოციალური ფოკუსით

გადაწყვეტილებას ნელა იღებს, პროცესში აუცილებლად რთავს სხვა ადამიანებს ან უბრალოდ ითვალისწინებს მათ სავარაუდო შედეგებთან მიმართებაში.

3. ბუნდოვანების მაღალი ამტანობა საქმეზე ფოკუსით

გადაწყვეტილების მისაღებად დიდი ინფორმაცია და დრო არ ჭირდება. იმპულსურია, თუმცა ამ შემთხვევაში ის სრულად ავტონომიურია და ამ პროცესში სხვების ჩართულობას არ მოიაზრებს.

4. ბუნდოვანების დაბალი ამტანობა საქმეზე ფოკუსით

გადაწყვეტილების მიღების ეს ტიპი მაღალი ანალიტიკურობით ხასიათდება, ის არ მოიაზრებს სხვა ადამიანების ჩართულობას თუმცა ერთი და იმავე საკითხის მრავალი პერსპექტივიდან განხილვასა და შედარებას გულისხმობს, მრავალეტაპიანი პროცესი ხშირად ძალიან იწელება და ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელიც კი ხდება.

უკვე ამოიცანი საკუთარი სტილი?

თუ ფიქრობ რომ არცერთი ეს სტილი მკვეთრად არ გაქვს გამოხატული და “სიტუაციას გააჩნია”, ე.ი. შენ გადაწყვეტილების მიღების ადაპტური სტილი გაქ, რომელიც თავის თავში ოთხივე სტილის თანაბრად წარმატებით გამოყენებასა და სიტუაციურად შერჩევას მოიაზრებს.

თუ თვლი რომ რომელიმე სტილი მკვეთრად გამოხატულია, მაშინ იცოდე რომ მთავარი ის კი არ არის შენი წამყვანი სტილი რომელია, არამედ ის თუ რომელს აირჩევ საჭირო მოცემულობის მიხედვით.

მოქნილობა და თავისუფლება ხომ სწრაფად ცვალებად სამყაროში საუკეთესო გადაწყვეტილებაა.